ელექტროგადამცემი ხაზების ნორმალური ექსპლუატაციისათვის სერიოზულ ხელისშემშლელ პირობას წარმოადგენს ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ და მის დაცვის ზონაში კერძო თუ იურიდიული პირების უკანონო საქმიანობა. ზოგჯერ შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე, მაგრამ ამ საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა სრული უგულვებელყოფით, რომელთა თანახმადაც ნებისმიერი საქმიანობა ეგხ-ს ქვეშ და დაცვის ზონაში შეთანხმებული უნდა იყოს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელ ორგანიზაციასთან. იყო შემთხვევები, როდესაც ლიცენზიები გაცემული იყო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე უშუალოდ ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ და ანძების სიახლოვეს. ასე მაგალითად წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში “ინდმეწარმემ” ლიცენზიის საფუძველზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ძირი გამოუთხარა 500 კვ ეგხ “იმერეთის” N260 ანძას და შექმნა ელექტროგადამცემი ხაზის მწყობრიდან დიდი ხნით გამოსვლის საშიშროება. ავარიის შემთხვევაში ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთი ანძის წაქცევით, არამედ ჯაჭვური რეაქციის მსგავსად თან გაიყოლებდა რამოდენიმეს რაც ენერგოსისტემის მდგრადობის მოშლას და დიდ მატერიალურ ზარალს გამოიწვევდა. მსგავსი საქმიანობა საფრთხეს უქმნის არა მარტო ელექტროგადამცემი ხაზის ნორმალურ ფუნქციონირებასა და ენერგოსისტემის მდგრადობას, არამედ მომუშავე პერსონალისა და ახლოს მცხოვრები მოსახლეობის სიცოცხლეს.