500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი”, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემებს წარმოადგენს უნიკალურ ნაგებობას, მისი ტრასა გადის ურთულეს რელიეფურ პირობებში და გადაკვეთს მრავალ ზვავ და მეწყერსაშიშ ზონებს, რომლებიც კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილო და სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს.
მრავალწლიანი დაკვირევებებისა და დაგროვილი მასალების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი”-ს მუშაობისათვის ყველაზე არასაიმედო უბნებს წარმოადგენს ამ ფერდობებზე განთავსებული მონაკვეთები მდინარეების მახარისა და კლიჩის ხეობებში. ხაზის ამ 20 კილომეტრიან მონაკვეთებზე ექსპლუატაციაში გაშვებიდან დღემდე ადგილი ჰქონდა ბუნებრივი ფაქტორების (ზვავი, მეწყერი, ყინულმოცვა და სხვა) ზემოქმედების გამო მის არაერთ სერიოზულ დაზინებებს (ანძების წაქცევა, სადენების გაწყვეტა და სხვა).
სს ”საქრუსენერგო”-ს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის შ. მაისურაძის წინადადების თანახმად, აღნიშნული დაზიანებების თავიდან აცილებისა და 500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი”-ს მუშაობის საიმედობის გაზრდის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მდინარე კლიჩის ხეობაში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობების ზოგიერთ უბანზე კერძოდ კი, №224 ანძის რომლის სამივე საყრდენი და № 225 ანძის ერთი საყრდენი (2005 წლის მარტის თვეში წაქცეული იქნა ზვავის ზემოქმედების შედეგად), ნაცვლად მეტალის ანძებისა, გამოყენებული ყოფილიყო ბაგირზე დაკიდების მეთოდი.
გვარლური დაკიდების ვარიანტის შემუშავება ითვალისწინებდა მდინარე კლიჩის ხეობაზე სპეციალური “საბაგირო ხიდის” საკმაოდ მაღალ ნიშნულზე მშენებლობას და მასზე საჰაერო ხაზის სადენების დაკიდებას, ნაცვლად თოვლის ზვავებით მთლიანად წაღებული №224 ანძისა და აგრეთვე ზვავსაშიშ ზონებში განთავსებულ სხვა №215, №220, №222, №223 და №225 მეტალის ანძებისა. აღნიშნული ნაკარნახევი იყო საჰაერო ხაზის განსახილველ უბანებზე არსებული ანძებისა და სადენების მიმართ ზვავების მექანიკური ზემოქმედების თავიდნ აცილების აუცილებლობისა და შედეგად, საჰაერო ხაზის მუშაობის საიმედობის ამაღლებით.
გვარლური დაკიდება შედგება მდინარე კლიჩის ორ ნაპირს შორის პარალელურად დაჭიმული 21 მილიმეტრის დიამეტრის ფოლადის გვარლების სისტემისაგან, რომლებიც დამაგრებულია დამაბოლოებელი ქუროებით საანკერო ფილების ღუზებზე, აღნიშნული ფილები დაყენებულია 2,6-3 მეტრის სიგრძის გრუნტის საანკერო ჭანჭიკებზე, რომლებიც ჩამაგრებულია და ჩაბეტონებულია 93 მმ. დიამეტრის საანკერო შურფებში. გვარლური სისტემის განივად, ე.გ.ხ.-ის ღერძულად დაყენებულია 6,5მ. სიგრძის 3 ტრავერსი, ცალკეული ფაზების სადენების V-მაგვარი გირლანდების ჩამოსაკიდათ.
გვარლური დაკიდება წარმოადგენს 1000 მეტრის სიგრძის გვარლებს, რომლებიც ერთმანეთში გადაბმულია სახაზო ქუროების საშუალებით, რომელშიც Б83 მარკის ბაბიტია ჩასხმული. ტრავერსი დამზადებულია №20 ფოლადის კუთხედისაგან. შენადუღი კონსტრუქციის საანკერო ფილა დამზადებულია ფოლადი ნაგლიდან: №30 და №16 შველერებით და ფურცლოვანი ნაგლინით 10-20 მმ. სისქის ფარგლებში. ფოლადის საანკერო ჭანჭიკი არის დიამეტრით 56მმ. და სიგრძით 2,7-3 მ. ფოლადის სოლები დამზადებულია 80მმ. სქელკედლიანი ფოლადის მილებისაგან. 88-90 მმ. სქელკეედლიანი ფოლადის მილისაგან დამზადებულია ჩასოლილი მასრა.
საქართველოში პირველად 500კვ საჰაერო ხაზის სადენების გვარლურ დაკიდებასთან დაკავშირებული ობიექტის პროექტირება და მშენებლობა ხორციელდებოდა პარალელურად, რაც დაკავშირებული იყო განსაკუთრებულ სირთულეებსა და პასუხისმგებლობასთან, რომელიც თავის მხრივ განპირობებული იყო კლიმატური პირობებით (ზაფხულისა და ნაწილობრივ გაზაფხულის პერიოდები – სულ 4-5 თვე), ხაზის დაზიანებული უბნის აღდგენისათვის საჭირო უკიდურესად შემჭიდროებული ვადებითა და სხვა გარემოებებით.
საჰაერო ხაზის დაზიანებული №224 ანძის უბანზე აღდგენითი საამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ძირითადად დასრულდა 2005 წელს. ხაზი ექსპლუატაციაშია და აღნიშნული უბნის მუშაობის იმედიანობის მიმართ დღემდე რაიმე შენიშვნები არ ყოფილა. 2006 წლიდან გაგრძელდა საპროექტო და მოსამზადებელი სამუშაოები დანარჩენ ზვავსაშიშ ზონებში სარეკონსტრუქციო ღონისძიებების ჩასატარებლად, რომელიც გაგრძელდა 2007 წლამდე და უკვე განსხვავებული სქემით განხორციელდა №220 ანძაზე.
№220 კუთხურ-ანკერული ანძის მარჯვენა და შუა დგარები და მათზე გაბმული A და B ფაზების სადენები ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს. მათი დაზიანების ალბათობა დიდი იყო, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ წარსულში ადგილი ჰქონდა ზვავის ზემოქმედების გამო დაზიანების ორ შემთხვევას. აღნიშნული უბნის იმედიანობის უზრუნველსაყოფად ჩვენს მიერ გათვალისწინებულია მთელი რიგი ღონისძიების ჩატარება, მათ შორის უმთავრესია სადენების დამაგრება ანძების გარეშე – სპეციალური გამომჭიმავი გირლიანდების მეშვეობით, მათი უშუალოდ კლდეში ჩამაგრების გზით.
აღნიშნული პროექტი თავისთავად უნიკალურია, ისევე როგორც 2005 წელს წარმატებით განხორციელებული ე.წ. “გვარლური დაკიდება”.
ტოპოგეოდეზიური და გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ ე.გ.ხ-ის თითოეული ფაზის მიკიდება კლდეზე უნდა განხორციელდეს №220-ე საყრდენთან გამავალი გზის ზედაპირიდან, შესაბამისად 85 და 95 მეტრის სიმაღლეზე. კლდის ქანის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევების გეოლოგიური მონაცემების და ე.გ.ხ.-ის ელექტრონული პარამეტრების საფუძველზე, დამუშავდა პროექტის სამშენებლო ნაწილის მუშა-ტექნიკური დოკუმენტაცია, კერძოდ, თითოეული ფაზის კლდეზე მიკიდება ხორციელდება 4-4 ანკერის საშუალებით. ანკერების, რომელთა დიამეტრია 56მმ, კლდეში ჩასმა ხდება კლდის დამუშავებული ზედაპირის მართობულად, კლდეში გაკეთებული 93 მმ-იანი დიამეტრის ნახვრეტებში წინასწარი გაჭექვით, მექანიკური ძალის გამოყენებით და შემდეგ საბოლოოდ ცემენტის ხსნარით ჩაბეტონებით.
№ 220 ანძაზე სამუშაოები დასრულდა 2007 წლის სექტემბერში და ამ უბანზეც პრაქტიკულად მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ზვავის ზემოქმედებისაგან ხაზის დაზიანებისა და წარმოქმნილი ჰაერის ტალღის გავლენით ავარიული გამორთვების ალბათობა.
ზვავსაშიშ ზონებში ელ. გადამცემი ხაზების იმედიანი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით დღემდე გამოყენებულია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელთა განხორციელება დაკავშირებულია მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებთან და ტექნიკურ სირთულეებთან. უნდა აღინიშნოს, რომ მათი მუშაობა პრაქტიკულად არაეფექტურია და ვერ უზრუნველყოფს ხაზების უსაფრთხო ექსპლუატაციას.
მდინარე კლიჩის ხეობაში ამჟამად განხორციელებული 500კვ. ელ გადამცემი
ხაზის ბაგირული დაკიდების ვარიანტები, შესრულდა პირველად და წარმოადგენს უნიკალურ ნაგებობებს. განვლილმა პერიოდმა გვიჩვენა, რომ მას ალტერნატივა არ გააჩნია და
ამიტომ მისი ფართოდ დანერგვა და გამოყენება დიდი ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტის მომტანია.