ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ვერტიკალური გაბარიტების დაცვის მიზნით აუცილებელი ხდება გადამკვეთი 500, 220 და 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების რეკონსტრუქცია. კერძოდ, სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს სს გეს „საქრუსენერგოს“ საკუთრებაში არსებულ 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკუთრებაში არსებული 220 კვ ეგხ „ალავერდზე“ და 110 კვ ეგხ „მარანზე“, რომელიც წარმოადგენს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას.
აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების რეკონსტრუქციის ფარგლებში 2022 წლის 14 აპრილს შესრულდა 110 კვ ეგხ „მარანის“ რეკონსტრუქცია N25-N27 ანძებს შორის მალში, რომელიც მდებარეობს გარდაბნის აღკვეთილის დაცულ ტერიტორიაზე. პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო ეგხ-ს N26 ანძის დემონტაჟი და ხაზის გასწორში ანძიდან 147 მეტრის დაშორებით მის ნაცვლად ერთი ახალი УС110-3 ტიპის ანძის მონტაჟი, სარეკონსტრუქციო მალში სადენების, სახაზო არმატურისა და გადამცემი ხაზის სხვა ელემენტების შეცვლა ახლით. ეგხ „მარანზე“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები წარიმართა სს გეს „საქრუსენერგოსა“ და სს „ენეგო-პრო ჯორჯიას“ შორის 2022 წლის 02 თებერვალს გაფორმებული N033-10/22 ხელშეკრულების შესაბამისად.
110 კვ ეგხ „მარანი“ წარმოადგენს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემების მკვებავ ერთადერთ ელექტროგადამცემ ხაზს და მისი შეკეთებაში ჩაყენება პრობლემურია. აქედან გამომდინარე 14 აპრილს ეგხ „მარანის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში (1030-1830 სთ) შესრულდა ასევე ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ სადენების მონტაჟი N18-N19 და N18-N19ა ანძებს შორის მალში (12 წვერი), რომლითაც იკვეთება 110 კვ ეგხ „მარანი“. ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ზემოაღნიშნული სამუშაოები შეასრულა სს „ენერგონმა“ მითითებულ ვადებში, სრული მოცულობით და ხარისხიანად.
სს გეს „საქრუსენერგო“ მადლობას უხდის 110 კვ ეგხ „მარანის“ შეკეთებაში ჩაყენებასთან დაკავშირებულ ყველა უწყებას და მათ ხელმძღვანელ პერსონალს, მხარდაჭერისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის დროული განხორციელების საქმეში, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებისათვის.