ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც შესულია საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2022-2032 წლის ათწლიან გეგმაში და რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვნად გაზრდის ენერგოსისტემის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას არის ახალი ორჯაჭვა 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „1,2 გარდაბნი“.
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების აღნიშნული ათწლიანი გეგმები განხილულია საქართველოს მთავრობის სხდომებზე, იგი შეთანხმებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან და დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბანი“ ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს ქვესადგურებით „გარდაბანი-500“ და „აღსტაფა“. ელექტროგადამცემი ხაზის ტრასა გადის გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. გადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო 2021 წლის აპრილის თვეში. ამჟამად ობიექტზე მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, რომელთა დასრულება და ხაზის ექსპლუატაციაში შეყვანა დაგეგმილია მიმდინარე წლის ივნისის თვეში.
ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის პროექტით გათვალისწინებულია გარკვეული სარეკონსტრუქციო სამუშაოები გადამკვეთ 500, 220 და 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან, მათ შორის 110 კვ ძაბვის ეგხ „მარანთან“, რომელიც წარმოადგენს რუსთავის წყალმომარაგების სისტემების მკვებავ ელექტროგადამცემ ხაზს. ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1, 2 გარდაბანსა“ და 110 კვ ეგხ „მარანს“ შორის ვერტიკალური გაბარიტის დაცვის მიზნით აუცილებელი ხდება 110 კვ ეგხ „მარანის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს ეგხ-ს არსებული ერთი ანძის დემონტაჟს და მის ნაცვლად სხვა ტიპის ახალი ანძის მონტაჟს. აღნიშნულის განხორციელებისათვის საჭირო ხდება 110 კვ ეგხ „მარანის“ გამორთვა ეტაპობრივად: 2022 წლის 04 მარტს 4 საათით, 1000 სთ-დან 1400 სთ-მდე და 2022 წლის 10 მარტს 9 საათის განმავლობაში 1000 სთ-დან 1900 სთ-მდე.
პროექტი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და მის წარმატებით განხორციელებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი ელექტოენერგიით მომარაგება.
ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
- მარტი 3, 2022