ეგხ „გარდაბანი“ წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ  ხაზს, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1958 წელს. ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს „გარდაბანი-500“-სა და „აღსტაფას“. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე 64 კილომეტრია, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე 21,1 კმ. ეგხ-ს ზღვრული დატვირთვაა 250 მგვტ. საქართველოს ტერიტორიაზე გადამცემი ხაზი მოიცავს 60 ანძას და მათზე დამონტაჟებულია АСО 480 მარკის ფოლად-ალუმინის სადენი.

დღეისათვის ეგხ-ს ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ანძები სრულად მოითხოვს შეცვლას, რადგან კოროზირებულია. ასევეა სადენიც, ექსპლუატაციის ვადებიდან გამომდინარე ამოწურული აქვს მუშაობის რესურსი. ეგხ-ს განახლებისათვის საჭიროა  ყველა ანძისა და სადენის სრულად შეცვლა.

2019 წელს ბაქოსა და თბილისში სს „აზერენერჯის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და სს გეს „საქრუსენერგოს“ წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრები 330 კვ ეგხ „გარდაბნის“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარემ თავის ტერიტორიაზე უკვე დაასრულა ახალი ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ მშენებლობა  საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე (42 კმ)  ფაზაში 2xАС300/39 ტიპის  სადენის გამოყენებით.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2019-2029 და 2020-2030 წლების ათწლიან გეგმებში შეტანილი იქნა კომპანიის საკუთრებაში არსებული 330 კვ ეგხ „გარდაბანი-აღსტაფას“ (330 კვ ეგხ „გარდაბანი“) რეკონსტრუქცია მისი გაორჯაჭვიანების გზით.  აღნიშნული პროექტის განმახორციელებელ და ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ მფლობელ კომპანიად განისაზღვრა სს გეს „საქრუსენერგო“.

აღნიშნულთან დაკავშირებით 2019 წელს კომპანიის პროექტირებისა და მშენებლობის ჯგუფის მიერ შედგენილი იქნა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

პროექტის მიხედვით ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ღირებულება (არსებული 330 კვ ეგხ „გარდაბნის“ სადემონტაჟო სამუშაოებთან ერთად) შეადგენს 34,832 მლნ. ლარს დღგ-ს ჩათვლთ.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სს გეს „საქრუსენერგოსა“ და სს „აზერენერჯის“ სამმხრივი შეთნხმების თანახმად გადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულებისა და ეგხ-ს ტესტირების ვადად განისაზღვრა 2021 წლის სექტემბერი.

330 კვ ეგხ „გარდაბნის“ რეკონსტრუქცია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით 500 კვ ეგხ „მუხრანის ველთან“ ერთად 700-დან 1000 მგვტ-მდე სიმძლავრეთა მიმოცვლის გაზრდისა და სინქრონული ოპერირების საიმედოობის ამაღლების საშუალებას იძლევა საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ენერგოსისტემებს შორის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული დავალების შესაბამისად,  სს გეს „საქრუსენერგომ“  საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში, საქართველოს ტერიტორიაზე შეასრულა ახალი, ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ ორი, У330-2+9 ტიპის ანძის (თითოეული 32 ტონა) მონტაჟი და საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე სადენისა (АС300/67 ტიპის სადენი, ჯამური სიგრძით 12 კმ)  და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გადაერთების სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე გადაერთებასთან დაკავშირებული სამუშაოები სრულად შესრულებულია სს გეს „საქრუსენერგოს“ პერსონალის მიერ.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.