500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი“ უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა, რომელსაც ქვეყნისთვის, მისი ენერგომომარაგებისა და უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იგი ენგურჰესიდან მდინარეების ენგურის, ნაკრას, კოდორის, კლიჩის და ყუბანის ხეობებით ჰკვეთს ხიდასა და ნახარის უღელტეხილებს, გადაივლის ყარაჩაევო-ჩერქეზეთისა და ადიღეის რესპუბლიკების ტერიტორიებს და კრასნოდარის მხარეში შედის ქვესადგურ “ცენტრალნაიაში“ 

ელექტროგადამცემი ხაზის სიგრე 405 კმ-ია და მოიცავს 991 ანძას. საქართველოს ტერიტორიაზე გადამცემი ხაზის სიგრძე  “ენგურჰესიდან”  ნახარის უღელტეხილამდე 105 კმ-ია (236 ანძა). ექსპლუატაციაში შევიდა 1984 წელს. კოდორის ხეობაში იგი გადადის კავკასიონის მთავარ ქედზე. ტრასის რთული რელიეფის გამო მისი ექსპლუატაცია და რემონტი, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში მეტად გაძნელებულია. ეგხ-ს ავარიული გამორთვა იწვევს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისა და  ელექტროენერგიის ხარისხის გაუარესებას. ჯერჯერობით 500 კვ ეგხ “კავკასიონი” წარმოადგენს უალტერნატივო, ერთადერთ ელექტროგადამცემ ხაზს, რომლის მეშვეობითც შესაძლებელია ზაფხულში საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის  რუსეთში გატანა, ხოლო ზამთარში რუსეთიდან დეფიციტის შევსება. იგი ასევე გამოიყენება, როგორც სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზი  საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის მიმოცვლისათვის.

ეგხ „კავკასიონის“ გამათულ მდგომარეობაში შენარჩუნება კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. გადამცემი ხაზით შესაძლებელია რუსეთის ენერგოსისტემასთან პარალელურ რეჟიმში მუშაობა და 700 მგვტ სიმძლავრის მიმოცვლა.

კავკასიონის მთავარ ქედზე უმკაცრეს კლიმატურ ურთულეს რელიეფურ პირობებში გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სადენები და ანძები ყოველ ზამთარს შემოყინვისა თუ ზვავების გამო სერიოზულად ზიანდებოდა და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ენერგოსისტემისთვის. ორი და სამი ათასი მეტრის სიმაღლიდან დაქანებული ზვავის ხელოვნური ბარიერებით შეჩერება თითქმის შუძლებელი იყო. იყო შემთხვევები, როცა ნახარის უღელტეხილის მიდამოებში გამავალ ეგხ “კავკასიონის” ანძებს, ერთსა და იმავე ზონაში,  წლის განმავლობაში რამდენჯერმე აქცევდა ზვავი. ამ ზონაში ანძების განსათავსებლად უფრო უსაფრთხო ადგილის ნახვა ფაქტობრივად შუძლებელი იყო.

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ზვავსაშიშ ზონებში, ანძების ნაცვლად, სადენების მთებს შორის გაჭიმულ ბაგირებზე დაკიდების თაობაზე, რომელიც სირთულის მიხედვით, მთებში, 2500 მეტრ სიმაღლეზე, ტექნიკისა და მასალების ატანა, ციცაბოზე კლდის დაბურღვა, ბაგირების ჩამაგრება და სადენების დაჭიმვა იყო უპრეცენდენტო და საქართველოში არ არსებობდა ანალოგი.  კომპანიის სპეციალისტების შოთა მაისურაძის, იური ნადირაძისა და სხვების თავდაუზოგავი შრომით ყველაზე რთულ მონაკვეთზე  ანძის ნაცვლად სადენები დაიკიდა ბაგირებზე,  რითაც თავიდან იქნა აცილებული პრობლემა, რასაც ზვავები და შემოყინვა უქმნიდა ეგხ „კავკასიონს“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე 500 კვ ეგხ “კავკასიონი“-ის ბაგირული დაკიდება

როგორც ზემოთ აღინიშნა ეგხ „კავკასიონი“ გადის რთულ რელიეფურ და მეტეოროლოგიურ კლიმატურ არეალში. ეგხ-ს ავარიულ გამორთვებს ძირითადად იწვევს ატმოსფერული დაცლები. მდგომარეობას ართულებს  ისიც, რომ ეგხ „კავკასიონი“ არ არის აღჭურვილი თანამედროვე სწრაფმოქმედი დაცვებით, ერთფაზა და სამფაზა ავტომატიური განმეორებითი ჩართვის მოწყობილობებით. აღნიშნული უზრუნველყოფდა, როგორც საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების პარალელური რეჟიმში მუშაობის მდგრადობას, ასევე ენგურჰესის აგრეგატების იმედიანობას. ეგხ „კავკასიონის“ ავარიული გამორთვების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ გამორთვების 90%-ზე მეტი გარდამავალი ერთფაზა მოკლე შერთვაა და ხაზზე ზემოაღნიშნული დაცვებისა და ავტომატიკის მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული ეგხ-ს სამივე ფაზის გამორთვა და პარალელური მუშაობის რეჟიმის დარღვევა.

ეგხ „კავკასიონზე“ განსახორციელებელ დაცვებთან დაკავშირებით სს გეს „საქრუსენერგომ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიიღო დავალება ეგხ-ს „ჯენერალ ელექტრიკის“ წარმოების დაცვის სისტემებით აღჭურვის თაობაზე. აღნიშნულის უზრუნველყოფის საჭირო შეიქმნა კვლევების ჩატარება მიკროპროცესორული ტერმინალის “Multiline L90”-ის გამოყენებით ეგხ „კავკასიონზე“ სარელეო დაცვის განხორციელების შესაძლებლობების  დასადგენად, რისთვისაც გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთის რელეთმშენებლობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან ОАО «ВНИИР»-თან.

«ВНИИР»-ის მიერ წარმოდგენილი იქნა ანგარიში, რომელის დასკვნის საფუძველზეც ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც დაკავშირებულია „ჯენერალ ელექტრიკთან“ ეგხ „კავკასიონზე“ სწრაფმოქმედი სარელეო დაცვის სისტემების  მოწყობილობების, მათ შორის დაზიანების აღმომჩენი ხელსაწყოს მოწოდებაზე, მათ მონტაჟისა და გაწყობით სამუშაოებზე, პერსონალის მომზადებასა და მათ ტესტირებაზე. ეგხ „კავკასიონზე“ სწრაფმოქმედი სარელეო დაცვის სისტემები დამონტაჟდება ქვესადგურებში „ჯვარი-500“-სა და „ცენტრალნაიაში“.

500 კვ ეგხ „კავკასიონის“ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთს  მომსახურებას უწევს სს გეს „საქრუსენერგოს“ წალენჯიხის საექსპლუატაციო-სარემონტო უბანი, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთს სს გეს “საქრუსენერგოს” ყარაჩაის ფილიალი, რომელიც დაყოფილია მაიკოპისა და ყარაჩაევსკის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნებად.

უნდა აღინიშნოს, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად სხვა მეტეოროლოგიურ პრობლემებთან ერთად ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გამორთვის ერთ-ერთ ძირითად საშიშროებას  წარმოადგენს ყინულმოცვა. ყინულის ფენა, რომელიც ამ დროს წარმოიქმნება ელექტროგადამცემი ხაზის სადენებსა და მეხდამცავ გვარლზე, რამოდენიმეჯერ აჭარბებს მათ საკუთარ წონას. ამ დროს, როგორც წესი, ხდება გაბარიტის დარღვევა და ეგხ-ს ავარიული გამორთვა. ადვილი შესაძლებელია მათი გაწყვეტაც, რის გამოც ელექტროგადამცემი ხაზი შეიძლება დიდი ხნით გამოვიდეს მწყობრიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ წარმოადგენს ინტენსიური ყინულმოცვის ზონას, ერთეული შემთხვევები ფიქსირდება 500 კვ ეგხ-ებზე “იმერეთსა” და „ქართლი-1”-ზე, რასაც მოჰყვა ავარიული გამორთვები. ეგხ „იმერეთის” შემთხვევაში ყინულმოცვები ძირითადად გვხვდება ეგხ-ს მდინარე რიონის გადაკვეთაზე, ხოლო „ქართლი-1”-ის შემთხვევაში – თბილისთან ახლოს, სოფელ ნორიოსთან. ყინულმოცვა ძირითადი პრობლემაა ეგხ „კავკასიონის” კოდორის ხეობისა და რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთებზე, სადაც ადრე განხორციელებული იყო ყინულმოცვის დნობის მოწყობილობები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოვიდა მწყობრიდან. დღეისათვის კომპანიის დაფინანსებით 500 კვ ეგხ „კავკასიონზე”, რუსეთის ტერიტორიაზე, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ზელენჩუკის რაიონში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ყინულმოცვის დნობის პუნქტი, რომლითც შესაძლებელია ყინულმოცვის დნობა ელექტროგადამცემი ხაზის სადენებზე ქვესადგურ “ცენტრალნაიადან” 200 კილომეტრიან უბანზე 500 კვ ეგხ “კავკასიონი“-ის ყინულმოცვის დნობის მოწყობა

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.