500 კვ ეგხ „ქართლი-1“ ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს: „ქსანი-500“ და „გარდაბანი-500“. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე 91 კმ-ია და მოიცავს 249 ანძას. ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაში შევიდა 1968 წელს და მასზე დამონტაჟებულია АС400/51 მარკის სადენი. ეგხ-ს საპროექტო დატვირთვა 900 მგვტ-ს შეადგენს.

ელექტროგადამცემი ხაზების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების, ასევე მომსახურე პერსონალისა და ეგხ-ების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის ერთ-ერთი აუცილებელ პირობას წარმოადგენს  ეგხ-ს სადენებსა და მიწას შორის მინიმალური დასაშვები გაბარიტის არსებობა.

ერთი და იგივე ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისათვის სწორედ მანძილი სადენებსა და მიწას შორის წარმოადგენს ელექტრული ველის დაძაბულობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ პირობას და იგი იზრდება გაბარიტის შემცირებასთან ერთად.

გაბარიტების აღდგენა ძირითადად ხდება ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ გრუნტის მოჭრით, ან თუ ამის შესაძლებლობა არსებობს – სადენების დაჭიმვით. მიუხედავად ამისა არის შემთხვევები, როცა ასეთი მეთოდებით გაბარიტის ნორმის ფარგლებში მიყვანა შეუძლებელი ხდება.

მაგალითისათვის: 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის N208-N209 ანძებს შორის მალში გაბარიტი სადენებიდან მდინარე არაგვისა და საგურამო-ნატახტარის წყალსადენის სალექარების გამყოფ დამბამდე, რომელზეც მოწყობილი იყო საავტომობილო გზაც, შეადგენდა 5 მეტრს, ნაცვლად ნორმით გათვალისწინებული 9 მეტრისა. დამბაზე გზა გადაღობილი იყო და ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული. მსგავსი სიტუაცია იყო თბილისი-თელავის საავტომობილო გზის გომბორის მონაკვეთზე. იქ სადაც ეგხ „ქართლი-1“-ის N98-N99 მალის სადენები კვეთს საავტომობილო გზას, მანძილი სადენებიდან გზის ზედაპირამდე შეადგენდა 7 მეტრს, რაც საავტომობილო გზების გადაკვეთებისათვის წარმოადგენს საპროექტო ნორმის უხეშ დარღვევას. სავარაუდოთ ამ ადგილზე გომბორის გზის რეაბილიტაციისას მოხდა გზის საფარის ნიშნულის აწევა ადრინდელთან შედარებით. სიტუაციის გამოსწორებისათვის საპროექტო ორგანიზაცია “ენერგოქსელპროექტის” მიერ დამუშავებული იქნა პროექტი, რომლიც ითვალისწინებდა ზემოაღნიშნულ ორ მალში შესაბამისად ერთი კუთხური და ერთი შუალედური ანძის ჩამატებას, რაც განხორციელდა კიდეც 2013 წელს, რითაც მოიხსნა არსებული პრობლემა.

2018 წელს ეგხ „ქართლი“-1“-ზე შეიცვალა 10 კილომეტრამდე სიგრძის АС400/51 ტიპის  დაზიანებული სადენი, რომელზეც დიდი რადენობით იყო დამონტაჟებული სარემონტო მომჭერები და ბანდაჟები. აღნიშნული სამუშაოს შესრულება მივიჩნიეთ პრიორიტეტულად, რადგან მსგავსი სარემონტო მომჭერებიდან 2014 და 2015 წლებში ზაფხულის პერიოდში 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ 700 მგვტ-ი დატვირთვის დროს გამოძვრა სადენი, რამაც გამოიწვია ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გამორთვა.

500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე სრულად შეიცვალა ფაიფურის იზოლატორები შუშის იზოლატორებით (15 ათას ცალამდე). გარდა ფაიფურის იზოლატორებისა შეიცვალა ასევე ძლიერ დაჭუჭყიანებული იზოლატორები, რომლებიც გარკვეულ მეტეოროლოგიურ პირობებში ხდება გამტარი და ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გამორთვის მიზეზი. 500 კვ ეგხ “ქართლი-1” და 330 კვ ეგხ “გარდაბანი” მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გადის ძლიერი სამრეწველო და საველე დაჭუჭყიანების (განთავსებულია თბოელექტროსადგურები, მეტალურგიული ქარხანა, ცემენტის ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სხვა) ზონაში, და აღნიშნული ხაზების იზოლატორებიდან ჭუჭყის მოცილება ვერანაირი ქიმიური და მექანიკური საშუალებებით ვერ ხერხდება.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.